ამობეჭდვა
World Vision საქართველოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ – თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს ცენტრების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრას კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ღონისძიება მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორებთან და ასევე პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით სამომავლო პერსპექტივების განხილვას .

შეხვედრა The UN Refugee Agency in Georgia – ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა” ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებლებს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს, მოქალაქეობის არმქონე და მოქალაქეობის დადგენის პროცედურაში მყოფ პირებს თავიანთი უფლებების განხორციელებაში და ასევე გააუმჯობესოს მათი ინტეგრაციის შესაძლებლობები მასპინძელ თემში.